იმედგაცრუებული დავრჩი - ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტის გამოსვლით უკმაყოფილოა
პარტია „მოაქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ანგარიშით უკმაყოფილოა. ელისაშვილის აზრით, კარგი იქნებოდა, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების კომისიის საქმიანობასა და პატიმართა შეწყალების პროცესის განახლებაზეც ესაუბრა.
ძალიან ზოგადი იყო, რასაც ვუსმენდი. მეგონა, რომ უფრო მეტს ისაუბრებდა და რაღაცა თხუთმეტ წუთიანი მოხსენება ჰქონდა. ჩემთვის პირადად, როგორც შეწყალების კომისიის ყოფილი წევრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პრეზიდენტისგან გამეგო, რას აპირებს თავისი უფლებამოსილების თაობაზე. მაინტერესებდა, ერთი სიტყვით მაინც თუ იტყოდა, რომ ის აპირებს განაახლოს შეწყალების კომისიის საქმიანობა, განაახლოს პატიმართა შეწყალების პროცესი. ეს ვერ მოვისმინე და იმედგაცრუებული დავრჩი, - ამბობს ელისაშვილი.
საქართველოს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილმა დღეს ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.