ღარიბაშვილი ჟურნალისტიკის დღეს გვილოცავს
"ჩვენი ხელისუფლება გარანტად უდგას თავისუფალ, პლურალისტულ მედიაგარემოს" - საქართველოს პრემიერმინისტრი ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.
ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გატარებული რეფორმების შედეგად მედიის თავისუფლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
"ყველა ჟურნალისტს, ტელე, რადიო, ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის თითოეულ წარმომადგენელს გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს.
პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული, მაღალი პასუხისმგებლობისა და პროფესიული სტანდარტების დამოუკიდებელი მედია არსებითია დემოკრატიის ხარისხისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის.
ჩვენი ხელისუფლება გარანტად უდგას თავისუფალ, პლურალისტულ მედიაგარემოს. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გატარებული რეფორმების შედეგად მედიის თავისუფლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამ მხრივ საქართველო დღეს რეგიონში უდავო ლიდერია. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ქართული მედია-სივრცის განვითარებისთვის" - ნათქვამია პრემიერმინისტრის მილოცვაში.
"ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დარბევის დროს დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი - ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოჟურნალისტები. მათ დამიზნებით ესროდნენ.
გასული წლის 11 ივლისს, გარდაიცვალა ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. ის ერთ-ერთი იყო იმ ჟურნალისტთა შორის, რომლებიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაზარალდნენ. მას თავს ჯგუფურად დაესხნენ „სირცხვილიას” ოფისის დარბევისას. ლექსო ლაშქარავას მძიმე ტრავმები ჰქონდა სახისა და თავის არეში. ის მომხდარიდან მალევე დედამ გარდაცვლილი იპოვა.