მზად ვარ მოლაპარაკებებისთვის პუტინთან, მაგრამ წარუმატებლობა შეიძლება მსოფლიო ომს ნიშნავდეს - ზელენსკი

21.03.22 11:29
მზად ვარ მოლაპარაკებებისთვის პუტინთან, მაგრამ წარუმატებლობა შეიძლება მსოფლიო ომს ნიშნავდეს - ზელენსკი

"ჩვენი ჯარისკაცები ეხმარებიან რუს სამხედროებს, რომ უფლის სამსჯავროსკენ გზა იპოვონ"- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა. 

უკვე 25-ე დღეა, რაც რუსი სამხედროები ეძებენ და ვერ პოულობენ მათ მიერ გამოგონილ "ნაცისტებს", რომელთაგანაც თითქოს უნდოდათ ჩვენი ხალხის დაცვა. ეძებენ და ვერ პოულობენ უკრაინელებს, რომლებიც ყვავილებით დახვდებიან. და რაც მთავარია - რუსი სამხედროები სახლისკენ გზას ვერ პოულობენ. სწორედ ამიტომ ეხმარებიან მათ ჩვენი ჯარისკაცები, რომ უფლის სამსჯავროსკენ გზა იპოვონ"- განაცხადა პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ისრაელის პარლამენტის წევრებს დახმარება კიდევ ერთხელ სთხოვა: 

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ტკივილს გრძნობთ, მაგრამ შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ ველოდებით ჯერ კიდევ თქვენს დახმარებას როცა სხვა ქვეყნები გვეხმარებიან? რა არის ეს? გულგრილობა? პოლიტიკური გათვლა? მედიაცია მხარის არჩევის გარეშე? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას თქვენ მოგანდობთ, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გულგრილობა კლავს. გათვლები შესაძლოა მცდარი იყოს. მედიაცია შესაძლებელია ქვეყნებს შორის, მაგრამ არა სიკეთესა და ბოროტებას შორის" - თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, გულგრილობა კლავს. ზელენსკი ინტერესდება, რატომ არ მიაწოდა ისრაელმა უკრაინას იარაღი ან რატომ არ დაუწესა რუსეთს სანქციები. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა რკინის გუმბათი საუკეთესოა მსოფლიოში.

დაიცვათ უკრაინელები. დაიცვათ უკრაინის ებრაელები. თქვენ ბევრჯერ გთხოვეთ, მაგრამ იარაღი არ მიგვიღია თქვენგან. რატომ არ დაუწესა ისრაელმა სერიოზული სანქციები რუსეთს. ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ და ამ პასუხებთან იცხოვროთ... უკრაინელებმა თავისი არჩევანი 80 წლის წინ გააკეთეს, როცა ებრალები გადაარჩინეს, ისრაელის ხალხო, ახლა თქვენც გაქვთ არჩევანი." - თქვა ზელენსკიმ მიმართვის ბოლოს.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თუ მოლაპარაკებები წარუმატებელი იქნება, ეს შეიძლება მესამე მსოფლიო ომს ნიშნავდეს.

"მე მასთან მოლაპარაკებებისთვის მზად ვარ. ბოლო ორი წელია მზად ვარ. ვფიქრობ, მოლაპარაკებების გარეშე ამ ომს ვერ დავასრულებთ" - თქვა ზელენსკიმ CNN-თან საუბრისას.