უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები - პრემიერი სამძიმრის გამოცხადებას საჭიროდ არ თვლის
უკრაინაიში ქართველი ჯარისკაცების გმირულად დაღუპვის შემდეგ სამი დღე გავიდა, თუმცა პრემიერს ოჯახის წევრებისთვის ამ დრომდე არ მიუსამძიმრებია. უჩვეულოდ მოიქცა ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზეც, სადაც საზოგადოებას ტრადიციულად სიტყვით არ მიმართა.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარი არც ერთმა მინისტრმა არ ისურვა. გამონაკლისი მხოლოდ სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. მიზეზი, თუ რატომ არ მიუსამძიმრა პრემიერმა დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს, ოთარ შამუგიასთვისაც გაუგებარი აღმოჩნდა.
პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო ფაქტია. მინდა გითხრათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს გადმოსვენებასთან დაკავშირებულ პროცედურებზე და ჩვენ ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები იქნენ გადმოსვენებულები იქიდან და გაეწიოთ შესაბამისი დახმარება მათ ოჯახის წევრებს, - თქვა მინისტრმა.