ინაშვილის წერილი პუტინს - "ენმ" გამოძიების დაწყებას ითხოვს
რა მიზეზით გაუგზავნეს პუტინს წერილი?- ამის გარკვევას საქართველოს გენერალურ პროკურატურას სთხოვენ. ირაკლი შოთაძეს მოთხოვნა წერილობით ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ჩააბარა.
ნონა მამულაშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს. რადგან ირმა ინაშვილის მიერ პუტინთან გაგზავნილი წერილი შესაძლოა, რუსეთმა ინტერვენციის საბაბად გამოიყენოს.
წერილში მოყვანილი ორგანიზაციები საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხეს უქმნიან. ჩვენ ვიცით პრეცენდენტები, როცა რუსეთი თავისივე გამოგონილი, ან ასეთივე ორგანიზაციების ფონზე ახდენს ამ ქვეყნებში ინტერვენციას. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ წერილით, რადგან ის პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციას არღვევს - აცხადებს ნონა მამულაშვილი.
წერილი პუტინს ,,პატრიოტთა ალიანსმა" 2022 წლის 20 თებერვალს გაუგზავნა. მასში ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი, სხვა ხელმომწერებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტს თავის კეთილგანწყობას უფიქსირებს და აცხადებს, რომ ყველაზე კარგი ფორმა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებისა საქართველოს ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი იქნება.