,,ოცნება" ცის ჩაკეტვის შესახებ უკრაინის მოთხოვნას მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს

22.03.22 13:29
 ,,ოცნება" ცის ჩაკეტვის შესახებ უკრაინის მოთხოვნას მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს

რატომ არ უერთდება საქართველოს ხელისუფლება დოკუმენტს, რომლითაც უკრაინა საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ითხოვს -  კითხვას ,,ქართული ოცნება"  კონკრეტულ პასუხს არ სცემს.

დოკუმენტზე, რომლითაც ომში მყოფი უკრაინის პარლამენტი ცის  ჩაკეტვას ითხოვს, მხოლოდ გრიგოლ ვაშაძის ხელმოწერაა. თუმცა, აღნიშნული საკითხის მხადაჭერის გამო ღარიბაშვილის ხელისუფლებამ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარისგან მადლობა უკვე მიიღო. 

მმართველი პარტიის დეპუტატების ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ ამ დოკუმენტს  მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს. ბევრმა მათგანმა კი აღნიშნული დოკუმენტის შესახებ მხოლოდ მედიისგან გაიგო. 

,,ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ პრობლემას ვერ ხედავენ, თუ დოკუმენტზე ხელს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გრიგოლ ვაშაძე, აწერს.

ხელისუფლებას სადაც უნდა მოეწერა ხელი, სადაც უნდა დაეჭირა მხარი საერთაშორისო მასშტაბით, ეს გააკეთა და მომავალშიც გააკეთებს. გაცილებით პრინციპული გახლავთ ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

ცის ჩაკეტვა არის საკითხი, რომელზეც დიდი შვიდეულის წევრმა ქვეყნებმა და გლობალურმა ლიდერებმა უნდა მიიღონ ერთიანი გადაწყვეტილება, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.