პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წევრები მიიწვია
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც მიიწვია.
როგორც ირკვევა, პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით პრეზიდენტმა პოლიტიკური პარტიებიდან თითო წარმომადგენელი დაპატიჟა.
ორბელიანების სასახლეში “ნაციონალური მოძრაობიდან” მიიწვიეს სალომე სამადაშვილი, რომელმაც მოსაწვევის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მიწვევისთვის. ვწუხვარ, რომ ვერ დავესწრები, თუმცა კი სიამოვნებით მივიღებდი მოწვევას, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე თქვენთვის მინიჭებულ საკონსტიტუციო უფლებამოსილებებს უკეთ რომ იყენებდეთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ - წერს სამადაშვილი.
ინფორმაცია ოპოზიციური პარტიების მიპატიჟების შესახებ მოგვიანებით თავად პრეზიდენტის ოფიციალურმა გვერდმაც დადო.