საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს - NGO-ების საგანგებო განცხადება

23.03.22 11:22
საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს - NGO-ების საგანგებო განცხადება

"საქართველოს მთავრობის ნაბიჯები,  ბუნდოვანი და არათანმიმდევრული რიტორიკა ეჭვებს აჩენს"- 22 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

მიმართვის ტექსტზე ხელმომწერები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია დაიკავოს.

მესამე სექტორის აზრით, საქართველოს სტრატეგიული ინტერესები სრულად და მკაფიოდ იყოს გაცხადებული, შემდეგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას:

  • მმართველმა ძალამ ღიად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსიროს ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ასევე დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ნაბიჯებისადმი და შეწყვიტოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შემლახველი პოზიციონირება; მკაფიოდ განაცხადოს, რომ იგი ერთგულია დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის;
  • „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მოქალაქეების ომით დაშინება და ამ გზით მათი დემორალიზება, რაც ბოლო პერიოდში გამოკვეთილ პროპაგანდისტულ ხაზად გასდევს არა მხოლოდ მმართველი ძალის წარმომადგენელთა განცხადებებს, არამედ გააქტიურებულია მათთან აფილირებული პირების რიტორიკაშიც;
  • „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვას სიძულვილის ენაზე, დადგეს ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა და გააკეთოს ყველაფერი საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად;
  • მთავრობამ საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯები იდგმება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის ადვოკატირების კუთხით;
  • საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის მონაწილეობით შედგეს უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული შეხვედრა და საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების თაობაზე;
  • პარლამენტში, უმრავლესობის, ოპოზიციის, მთავრობისა და ექსპერტული წრეების მონაწილეობით შედგეს განხილვა, თუ როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და საპასუხოდ მისი დასანქცირების შედეგები და რა არის ამ ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი.

მიგვაჩნია, რომ ამ ნაბიჯების გადადგმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, რათა ჩვენი ქვეყანა ღირსეულად გაუმკლავდეს გამოწვევებს, თავი დაიზღვიოს საბედისწერო შეცდომების დაშვებისაგან და  მყარად დაიკავოს თავისი დამსახურებული ადგილი ცივილიზებული სამყაროს გვერდით. გამოვთქვამთ ზემოთ აღნიშნული ნაბიჯების განხორციელებაში ჩართვის მზადყოფნას, სადაც კი ეს შესაძლებელია"- წერია განცხადებაში.  

მესამე სექტორის შეფასება ვრცლად ნახეთ ბმულზე