უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების სიაში საქართველო არ მოხვდა - "ოცნება" საკითხის გარკვევას აანონსებს

23.03.22 13:41
უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების სიაში საქართველო არ მოხვდა - "ოცნება" საკითხის გარკვევას აანონსებს

რატომ ვერ მოხდა უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების სიაში საქართველო - უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის სამადლობელ პოსტს "ქართულ ოცნებაში" უპასუხეს. 

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საკითხს აუცილებლად გაარკვევენ, მას შემდეგ რაც უკრაინაში სიტუაცია დასტაბილურდება. 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს, მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მხარი დაუჭიროს ომში მყოფ ქვეყანას. 

ეს განცხადება არ მინახავს, თუმცა ერთი რამ ვიცი მკაფიოდ, საქართველო აკეთებს ყველაფერს, საერთაშორისო ურთიერთობების, სტატეგიის, მეგობრობის ფარგლებში, რაც ჩვენ გვაქვს უკრაინასთან და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენი სურვილი და მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არის ძალიან მკაფიოდ დაფიქსირებული - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გურამ მაჭარაშვილიც ირწმუნება, რომ საქართველო უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს.  

ამ რთულ პერიოდში ჩვენ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს,  რომ საზოგადოებამ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, დაინახოს ჩვენი პოზიციონირება. ვინ აფასებს ამას სწორად ან არასწორად, ამაში ჩვენ ახლა არ შევალთ. სამწუხაროდ, უკრაინაში საომარი მოქმედებებია, როცა ყველაფერი დაწყნარდება და დალაგდება, ამის მერე გაკეთდება ანალიზი და შეფასებები"- თქვა "ტვ პირველთან' გურამ მაჭარაშვილმა. 

ცნობისთვის,  ,,ქართული ოცნება" არც რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეურთდა და არც უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ხელმომწერთა შორისაა.