არის თუ არა პუტინი სამხედრო დამნაშავე - ,,ოცნება" ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება
საქართველოს პარლამენტი არ აპირებს, მიიღოს რეზოლუცია და პუტინი სამხედრო დამნაშავედ გამოაცხადოს. ,,ქართული ოცნების" დეპუტატები რუსული აგრესიის თემაზე მხოლოდ პოლიტიკური შეფასებას აკეთებენ და სამართლებრივი დასკვნისთვის სტრასბურგის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
სახელისუფლებო პარტია ამბობს, რომ რუსეთის დასაგმობად ყველაფერი გააკეთა და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციაც მიიღო, ამიტომაც თეორიულადაც არ არსებობს შანსი, რომ საქართველოს პარლამენტმა პუტინი სამხედრო დამნაშავედ გამოაცხადოს.
ის, რომ ჩვენ მივიღოთ რაიმე გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ, ან ირიბად დააზიანებს ჩვენს ქვეყანას, ამას ,,ქართული ოცნება" არ გააკეთებს.
რუსეთი რომ ოკუპანტია, ამას დღეს დიდი მტკიცება არ სჭირდება. ხოლო დანარჩენი, ვინ არის სამხედრო დამნაშავე, ამას ჰააგის სასამართლო დაადგენს. რუსეთი ოკუპანტია და წერტილი - აცხადებს ,,ოცნების" დეპუტატი გიორგი ამილახვარი.
თანაგუნდელის მესიჯ-ბოქსს იმეორებს უმრავლესობის სხვა დეპუტატი, ბექა ოდიშარიაც.
პუტინი ნამდვილად სამხედრო დამნაშავეა, რადგან ის შეიჭრა დამოუკიდებელ ქვეყანაში, დაარღვია მისი სუვერენიტეტი და დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს არის ჩემი მხრიდან პოლიტიკური განცხადება, რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ამას გააკეთებს ჰააგის სასამართლო, სადაც შეტანილი სარჩელის თანაავტორიც იყო საქართველო - აცხადებს ბექა ოდიშარია.