მენეჯმენტი ცდილობდა, "ოცნების" მიმართ კრიტიკული კომენტარები სიუჟეტიდან ამოგვეღო - ჟურნალისტი "პირველ არხს" ამხელს
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა „ახალი კვირის“ თანამშრომლები არხის მენეჯმენტის მხრიდან ცენზურაზე და ე.წ. შავი სიის შესახებ ღიად საუბრობენ.
ჟურნალისტი, თამთა ჯანაძე კონკრეტული სიუჟეტებსა და თემებზე საუბრობს, რომლებიც არხის მენეჯმენტის მხრიდან იბლოკებოდა.
მენეჯმენტი ცდილობდა, სახელისუფლებო გუნდის, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიმართ კრიტიკული კომენტარები ან საერთოდ ამოეღო სიუჟეტიდან, ან შეემოკლებინა. ძალიან გვიჭირდა კვირის მთავარ პოლიტიკურ თემებზე მუშაობა, რადგან გვეუბნებოდნენ, რომ კვირის განმავლობაში ეს იმდენად „გადაიღეჭებოდა“ „მოამბის“ მიერ, რომ აღარ იქნებოდა საინტერესო, მაგალითად ლუკა სირაძის საქმეს, სარალიძის საქმეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმეს, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციების გაშუქებასთან დაკავშირებულ თემებს“, - თქვა ჯანაძემ.
ჟურნალისტი "მენეჯმენტთან ხანგრძლივ კონფლიქტებზე" ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, მისი სიუჟეტიდან პროდიუსერმა ამოჭრა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიმართ ექსპერტების კრიტიკული კომენტარები.
გავაკეთე, სიუჟეტი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტ ზურაბიშვილის არჩევნებში გამარჯვების საკითხს, მეორე ტურს და გადაცემაში გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, გენერალური პროდიუსერი შემოვიდა სამონტაჟოში და ამოჭრა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების მიმართ ექსპერტების კრიტიკული კომენტარები", – განაცხადა ჯანაძემ.
"პირველი არხის" მთავარი საკვირაო ტელეპროექტის ჟურნალისტები ხალხის ფულით დაფინანსებული ტელევიზიის წინააღდეგ დავას იწყებენ. ჟურნალისტების ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ იცავს. ჟურნალისტები სახალხო დამცველსაც მიმართავენ და შესაძლო დისკრიმინაციის დადგენასა და შრომით საქმიანობაში ჩარევის ფაქტებზე ღიად საუბრობენ.