უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირებისთვის მუხათგვერდის სასაფლაოზე ადგილი ვერ გამონახეს

25.03.22 17:30
უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირებისთვის მუხათგვერდის სასაფლაოზე ადგილი ვერ გამონახეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედრო, დავით რატიანი, ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენეს. ქართველ მეომრებს ხვალ სამხედრო პატივით დაკრძალავენ, მანამდე ტაძრებში სამოქალაქო პანაშვიდები იმართება. ქართველი გმირის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ტაძარში იმყოფებოდა უკრაინის ყოფილი ელჩი, იური დოლგოვი. მან ოჯახს მიუსამძიმრა და იქაურობა კომენტარის გარეშე დატოვა.

უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირების პანაშვიდზე დილიდან იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან კი არავინ გამოჩენილა.

გამონაკლისი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა, მინისტრი, დავით ფაცაცია, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ცხედრები ჭირისუფალს დაბრუნებოდა. 

მინდა, თანაგრძნობა გამოვუცხადო ოჯახს. ძალიან მძიმეა რაიმეს თქმა. რაც მთავარია, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა მათი გადმოსვენებისთვის. კიდევ ერთხელ სამძიმარი მინდა, გამოვუცხადო ოჯახს! - განაცხადა დავით ფაცაციამ.

დაღუპული გმირების ოჯახებმა ხელისუფლებისგან უარი უკვე მიიღეს. საქართველოს მთავრობამ პუტინთან ომში დაღუპულებისთვის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ადგილი ვერ გამოძებნა. 

ოპოზიცია ხელისუფლების კიდევ ერთ სირცხვილზე საუბრობს და თავდაცვის სამინისტროსგან პასუხს ითხოვს. სახელისუფლებო გუნდში კი არ აქვთ პასუხი, რატომ გლოვობენ შერჩევით დაღუპულ გმირებს.