პრემიერმა საწვავის ფასის გამო ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს "ნაციონალები" უწოდა
საქართველოს პრემიერი საწვავის ფასების რეკორდულად ზრდის გამო გაბრაზებულ მოქალაქეებს ეუბნება, რომ ფაქტს უნდა შეეეჩვიონ.
მეტიც, მთავრობის მეთაურმა ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს "ნაციონალები" უწოდა.
გუშინ ვნახეთ რამდენიმე აქცია, რომელიც ორგანიზებული იყო. მათ უკან იდგა ნაციონალური მოძრაობა. მესმის, რომ ჩვენ მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ ფასების ზრდა და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული, რომ შევუმსუბუქოთ ჩვენ მოქალაქეებს ის გაზრდილი ფასები და წნეხი, რომელიც მომდინარეობს ამ კრიზისებიდან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის მტკიცებით, საერთაშორისო ინდექსი აჩვენებს, რომ მსოფლიოს თითქმის 100 ქვეყანაში ბენზინი უფრო ძვირია, ვიდრე საქართველოში.
საწვავის ფასების მიხედვით, 21 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის ერთი ლიტრი ბენზინის სიიაფით 71-ე იყო საქართველო. 99 ქვეყანაში არის უფრო ძვირი საწვავი, ბენზინი, ვიდრე საქართველოში,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა დრო ისევ წინა ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო და თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, ინფლაციის მაჩვენებელი რეკორდულ მაჩვენებელზე იყო:
ნაცმოძრაობის პერიოდში წლიური ინფლაცია 2011 წლის მაისში იყო -14.3%, იმავე წლის მარტში - 13.9%, აპრილში -13.5%. უფრო ადრე ინფლაცია შეადგენდა - 14.5%, 2006 წელს მაგალითად, საშუალო წლიური ინფლაცია იყო - 6.2.% მაშინ, როცა ჩვენ დროს, 9 წლიან პერიოდში 4.1%-ია საერთო შეწონილი წლიური ინფლაცია", - ამბობს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილი თვლის, რომ ფასების ზრდა მთელ მსოფლიოშია, საქართველო კი ვერ იქნება გამონაკლისი.
ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა ინფლაცია, ფასების ზრდა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ყველგან და საქართველო, ბუნებრივია, ვერ იქნება გამონაკლისი, გამორიცხულია, იმიტომ, რომ ვართ პატარა ქვეყანა პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიოს. რაც ხდება ამერიკაში, ევროპაში, ჩვენზეც აისახება, პანდემია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო, ახლა დაემატა ეს ტრაგედია და ეს ომი, მეორე მსოფლიო ომის მერე არ ყოფილა ასეთი მასშტაბის ომი ევროპაში, ამას ბუნებრივია, ექნება გავლენა ყველაზე და ყველაფერზე, ფასებზე, ეკონომიკაზე, ინფლაციაზეც, ამას სჭირდება გააზრება და კარგად ახსნა"- თქვა მან.