შეხვედრაზე პრემიერი წარმოადგენდა ხელისუფლებას - მამუკა მდინარაძე

02.03.21 12:13
შეხვედრაზე პრემიერი წარმოადგენდა ხელისუფლებას  - მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვედრაზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის  ინიციატივით  გაიმართა, ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ მთავრობის მეთაური, ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა. პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ მოლაპარაკების პროცესს არც მმართველი გუნდის თავმჯდომარე და არც საპარლამენტო გუნდი ესწრებოდა.

შეხვედრამ ასევე, სალომე ზურაბიშვილის გარეშე ჩაიარა, რომელიც იმ დროისათვის ათონელის რეზიდენციაში იმყოფებოდა. მედიის შეკითხვები ზურაბიშვილმა უპასუხოდ დატოვა, კითხვებს არც ირაკლი კობახიძემ უპასუხა.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, შეხვედრაზე ხელისუფლებას და ასევე, პარტია „ქართულ ოცნებას“ პრემიერი წარმოადგენდა. მისი თქმით, ყველა დეტალთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს პოლიტსაბჭოს ფორმატში გაივლიან, რის შემდეგაც განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომელიც მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვება.  

გუშინდელი ფორმატი განისაზღვრა პრემიერთან ერთად, პრემიერთან შეხვედრის დროს და პრემიერი წარმოადგენდა ხელისუფლებას და მათ შორის, პარტია „ქართულ ოცნებას“. ამის შემდეგ, ყველა დეტალთან დაკავშირებით, რაც მოლაპარაკების პროცესში იქნება, ჩვენ გავივლით ერთად პოლიტსაბჭოს ფორმატში და ამის შემდეგ განისაზღვრება უკვე პირთა წრე, რომელიც წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“ ამ მოლაპარაკებების პროცესში, - განაცხადა მდინარაძემ.