ბათუმში ამომრჩევლებს ,,ოცნების" კანდიდატზე ხმის მიცემის სანაცვლოდ ბინებს შეპირდნენ - ,,ენმ"

28.03.22 17:48
ბათუმში ამომრჩევლებს ,,ოცნების" კანდიდატზე ხმის მიცემის სანაცვლოდ ბინებს შეპირდნენ - ,,ენმ"

ბინები ხმების სანაცვლოდ - ,,პირველებმა" მოიპოვა მტკიცებულება, რომლიც ადასტურებს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ"  ამომრჩევლები სხვა რეგიონიდან კონკრეტული დაპირების სანაცვლოდ გადმოწერა.

,,ტვ პირველის" ინფორმაციით, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, პირველიდან  18 მარტის ჩათვლით 600-ზე მეტი ამომრჩეველია ჩაწერილი. ამასტან დაკავშირებით ,,ენმ"-ში საგანგებო ბრიფინგი გამართეს. როგორც პარტიაში აცხადებენ, სხვა რეგიონებში მაცხოვრებლები ბათუმში გადმოწერეს და ,,ოცნების" კანდიდატისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ მათ ბინებს შეპირდნენ.

აღნიშნულ ფაქტს თავად ამომრჩევლებიც ადასტურებენ. ლანჩხუთში მცხოვრები ავთანდილ ფუტკარაძე არ უარყოფს, რომ ბათუმში გადმოწერეს და  ,,ოცნების ქალაქში" მშენებარე ბინას მიიღებს, თუ ,,ოცნების" კანდიდატს ხმას მისცემს.

წინა არჩევნებზე ლანჩხუთში მივეცი ხმა, ახლა ბათუმში ჩავეწერე და ხმას ,,ოცნების" კანდიდატს ვაძლევ, ჩვენთან დადიან და პირობა მათ მივეცი. ასე მითხრეს, ბინას მოგცემთო ბათუმში, ,,ოცნების ქალაქშიო". ვინ მომცა პირობა, ჯინჭარაძე იყო, თუ არ ვცდები - განუცხადა ავთანდილ ფუტკარაძემ ,,ტვ პირველის" რეპორტიორს, რომელიც რესპონდენტს ტელეფონზე დაუკავშირდა და ,,ოცნების" წარმომადგენლად გაეცნო.

,,ქართული ოცნება" აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ,,ნაციონალურ ინფორმაციას" ბათუმში კანდიდატის ჩახსნა სურს და ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.