რუსეთი ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ბოროტმოქმედებაში რთავს - ხოშტარიას საგანგებო განცხადება
"დროას" ლიდერის საგანგებო განცხადება - ელენე ხოშტარიას თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აიძულებენ, ომში რუსეთის მხარეს ჩაერთონ.
პოლიტიკოსის განცხადებით, "რუსეთის მიერ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს მოქალაქეების ომში წაყვანა საერთაშორისო კონვენციური დარღვევაა".
ხოშტარია სახელმწიფოსსგან დროულ რეაგირებას ითხოვს. პოლიტიკოსი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე- 4 და მე- 5 მუხლების დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას.
ჩვენ გვაქვს სამართლებრივი მექანიზმი, რომ გარდა პროტესტისა, გარდა იმისა, რომ ჩვენ მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შევთავაზოთ ჩვენ ტერიტორიაზე მათი უფლებების დაცვა, შეგვიძლია ავამოქმედოთ საერთაშორისო მექანიზმები, მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და დავიცვათ მათი უფლებები. ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან, რომელიც აუცილებლად დამარცხდება და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენი მოქალაქეები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ამ ბოროტმოქმედებაში არ იყვნენ ჩათრეულები"- ამბობს ხოშტარია.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები "საზარბაზნე ხორცად" არ უნდა გამოიყენონ:
ჩვენ საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ გვემეტება, არც საზარბაზნე ხორცად და არც ამ ბოროტმოქმედებაში მონაწილეობისთვის - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ამ ბოროტმოქმედებაში ჩათრეულები არ იყვნენ, - თქვა მან.
"დროას" ლიდერმა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებლებს მიმართა:
არ აქვს მნიშვნელობა, რა ურთიერთობა გვაქვს ახლა, საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ გვემეტება არც საზარბაზნე ხორცად და არც ამ ბოროტმოქმედებაში მონაწილეობისთვის. ეს ბოროტმოქმედება რუსეთისთვის ძალიან მძიმედ და სამართლიანად დასრულდება. ეს უდიდეს დაღს დაასვამს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამაში მონაწილეობას მიიღებს. ჩვენი მომავალი უნდა იყოს პირიქით, ერთად კეთილდღეობაში ყოფნის და არა ამ ბოროტებაში თანამონაწილეობის.
მივმართავ ყველა მშობელს და ყველა ადამიანს, დაფიქრდით, თუ რა დაღს დაგასვამთ ამ ბოროტებაში თანამონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს ეს არ უნდა და მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე, საქართველოში მათი უფლებები დაცული იქნება", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
ბოლო დღეებში, საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ოკუპანტები, რუსეთი და მათი საოკუპაციო რეჟიმები საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსულ აგრესიაში რთავენ.