პანდემიის დროს "ოცნების" შემომწირველებმა 156 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღეს - TI

29.03.22 15:04
პანდემიის დროს "ოცნების" შემომწირველებმა 156 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღეს - TI

"ოცნების შემწირველებმა" მილიონობით ლარი საჩუქრად ბიუჯეტიდან მიიღეს. ამის შესახებ კვლევა  ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ" ჩაატარა. 

ახალი კვლევის მიხედვით,  "ოცნების" შემომწირველებმა 156 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღეს. 156 მლნ ლარი 210 კომპანიაზე და 11 ფიზიკურ პირზე ნაწილდება,  რომლებმაც 2013-2021 წლებში პირდაპირ ან დაკავშირებული პირების მეშვეობით „ქართულ ოცნებას“ ჯამში 14 მლნ ლარზე მეტი შესწირეს, მათ შორის 5 მლნ ლარამდე პანდემიის დაწყების შემდეგ.

პანდემიის დროს პირდაპირი შესყიდვის გზით 9 მლნ ლარის კონტრაქტები 192-მა ახალბედა კომპანიამ მიიღო, მათ შორის, 22 კომპანიას კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 10 დღეში გაუფორმდა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ პანდემიის დროს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების გზით 1.7 მლრდ ლარამდე ჯამური ღირებულების 21 000-მდე მსხვილი კონტრაქტი გაფორმდა, საიდანაც „კოვიდ 19“-ით გამოწვეულ შესყიდვებზე დაახლოებით 715 მლნ ლარი მოდის.

ორგანიზაციის რეკომენდაციაა, კორუფციის ნიშნების შემცველი ტენდერებით საგამოძიებო უწყებები უფრო მეტად უნდა ინტერესდებოდნენ, ასევე. შემსყიდველმა ორგანიზაციები ახლად დაფუძნებულ კომპანიებთან გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების დადებისგან მაქსიმალურად უნდა იკავებდნენ თავს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან გამარტივებულ შესყიდვებზე თანხმობის გაცემა მეტად უნდა გამკაცრდეს.

შესყიდვები არის 1.7 მილიარდი და დაახლოებით 700 მილიონი ეხება კოვიდით გამოწვეულ შესყიდვებს, გვაქვს კითხვის ნიშნები ტენდერის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. დაახლოებით 150 მილიონის კონტრაქტი გაფორმდა იმ კომპანიებთან და იმ კერძო პირებთან, რომლებმაც შემდეგ "ქართულ ოცნებაში" შესწირეს თანხა. ეს თანხა დაახლოებით 14 მილიონია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შესყიდვებთან დაკავშირებით არის ბევრი კითხვის ნიშანი და რა თქმა უნდა შესაბამისი მოკვლევა და გამოძიება უნდა ჩატარდეს", - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი  ეკა გიგაური.