"ოცნებასა" და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება ქვეყნის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის - ოპოზიცია
ოპოზიცია "ქართულ ოცნებასა" და პრეზიდენტს შორის დაპირისპირებას მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის დასჯის მცდელობად აფასებს. ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" ძირითადი პრობლემებისგან თავის არიდებას ცდილობს.
წავიდა თავდასხმები პრეზიდენტზე. ყველა ზღვარს სცილდება "ქართული ოცნების" ეს დამოკიდებულება, მაგრამ ეს პირველი არ არის, ეს არის "ქართული ოცნების" სტილი, რომ შიდა დაპირისპირება რაც შეიძლება მეტად გაამწვავოს, ერთი მხრივ, რომ გზავნილი იყო შიდა აუდიტორიისთვის, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა იქნება დასჯილი მათი მხრიდან და მეორეს მხრივ, საერთაშორისო საზოგადოებას, ასევე, ჩვენს ამომრჩეველს არანაირი ინფორმაცია არანაირი ნაბიჯები არ მიაწოდოს რას ფიქრობს ამ კრიზისზე, რომლეიც რეგიონში გვაქვს", - თქვა ხათუნა სამნიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ დაპირისპირება ქვეყნის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.
მათი მტრების ფრონტი იზრდება და ამ მტრებში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად უკვე მოიაზრებენ პრეზიდენტს. ეს ურთიერთბრალდებები, ძალიან ასუსტებს საქართველოს დემოკრატიას", - ამბობს თინა ბოკუჩავა.
მმართველ გუნდსა და სალომე ზურაბიშვილს შორის დაპირისპირება ბოლო დღეებში განსახკუთრებით გამწვავდა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებით, ელჩებთან დაკავშირებულ სკანდალზე საუბარს მმართველ გუნდში არ აპირებდნენ, თუმცა დაპირისპირება თავად პრეზიდენტმა დაიწყო.
კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა 5 ელჩი არ დანიშნა და ერთის გათავისუფლებაზე თქვა უარი. სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია მმართველ გუნდს ზრდილობას უწუნებს და ამბობს, რომ "2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება".