გახარიას თანაპარტიელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

30.03.22 17:24
გახარიას თანაპარტიელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გიორგი გახარიას თანაპარტიელი  პატიმრობაში რჩება. მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა არ გაითვალსწინა საქართველოს პარლამენტის წევრების: ანა ბუჩუკურის, შალვა კერესელიძის, მიხეილ დაუშვილისა და გიორგი ხოჯევანიშვილის, ასევე წალენჯიხის საკრებულოს წევრების თავდებობა და გელა აბულაძეს პატიმრობა შეეფარდა, მასთან ერთად პატიმრობაში დატოვეს წალენჯიხის მერის წარმომადგენელი, ანზორ ფიფიაც.

პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გელა აბულაძე დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ანზორ ფიფიას და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების მისი ოჯახის წევრებზე, ნათესავებზე და ნდობით აღჭურვილ პირებზე თაღლითური გზით დარეგისტრირებაში დახმარება სთხოვა.

სასამართლომ აბულაძესა და ფიფიასთან ერთად დაკავებულ 9 პირიდან ერთს, აბულაძის დედას, 2000 ლარიანი, ხოლო დანარჩენ 8 პირს 6000 ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა. 

გელა აბულაძე ბრალს არ არიარებს. ბრალის დამტკიცების შემთვევაში მას თავისუფლების 11 წლით აღკვეთა ემუქრება. ექსპრემიერის თანაგუნდელები ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბატონი აბულაძე და ფაქტიურად, მთელი მისი ოჯახი, მძევლად არის აყვანილი, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება და პასუხი ,,ქართული ოცნებისა" იმაზე, როგორ სამარცხვინოდ წააგო წალენჯიხაში არჩევნები - განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულებისას გახარიას თანაგუნდელმა, ანა ბუჩუკურმა.