სააკაშვილზე მოპყრობა შეესაბამება ვალდებულებებს EU-ში გაწევრიანების პროცესში? - ფოტიგა ბორელს
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს. ფოტიგა აღნიშნავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ მოპყრობა ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება და ივანიშვილის მიერ არის წაქეზებული.
შეშფოთებული ვარ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობით, რომელიც ღრმად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და ღირებულებებს. ვუერთდები მრავალრიცხოვან მოწოდებას, მოექცნენ პრეზიდენტ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, თავი შეიკავონ დამამცირებელი მოპყრობისა და პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან. მრავალმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა, ექიმმა და დიპლომატმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა სასამართლო პროცესთან და ციხეში მის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, რომელიც წამოიწყებულია ბიძინა ივანიშვილის, ოლიგარქის მიერ, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული და საქართველოს მთავრობაზე არაფორმალური კონტროლი აქვს. გარდა ამისა, ეს არაფორმალური კავშირები უკრაინაზე რუსეთის აგრესიის გარშემო ქართული ოცნების ხელისუფლების ორაზროვან პოზიციას იწვევს.
შეესაბამება თუ არა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების და არასათანადო მოპყრობის პოლიტიკა ევროპულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს გაწევრიანების პროცესში?
ეთანხმებით თუ არა იმას, რომ მოლდოვის დეოლიგარქიზაციამ დადებითად შეუწყო ხელი ამ ქვეყანაში პოლიტიკურ რეფორმებსა და მის მომავალს ევროკავშირში? იზიარებთ თუ არა საერთო მოსაზრებას, რომ რუსეთთან კავშირების მქონე ცნობილი ქართველი ოლიგარქისთვის პირადი სანქციების დაწესება მსგავს პოზიტიურ ეფექტს მოიტანს?", - მიმართავს ფოტიგა ბორელს.