არ დავუშვებთ, რომ საქართველო პროვოკაციებში ჩაერთოს - "ოცნებიდან" დუმილს ზალკალიანი არღვევს

31.03.22 15:12
არ დავუშვებთ, რომ საქართველო პროვოკაციებში ჩაერთოს - "ოცნებიდან" დუმილს ზალკალიანი არღვევს

ანატოლი ბიბილოვის განცხადებასთან დაკავშირებით ღარიბაშვილის მთავრობიდან დუმილი მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრმა დაარღვია. დავით ზალკალიანმა კრიტიკული მედიის კითხვებისთვის თავის არიდების მიზნით, ღონისძიება ჩუმად ჩაატარა, მისი განცახდება კი პრესსამსახურმა გაავრცელა.

ზალკალიანი ამბობს, რომ ე.წ რეფერენდუმს, რომლის ჩატარებასაც ცხინვალის რეგინში გეგმავენ,  იურიდიული ძალა არ ექნება. ამის მიუხედავად, საგარეო საქმეთა მინისტრი  არაფერს ამბობს, როგორ აპირებს ქვეყნისთვის საფრთხეების არიდებას. 

ჩვენთვის მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც ტერიტორია არის ოკუპირებული, როდესაც ამ ტერიტორიების ოკუპაციას აქვს არა მარტო პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებაც და ეს სამართლებრივი შეფასება გახლავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ იქ მიმდინარეობს ოკუპაცია. ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა და არ ექნება მით უფრო, რომ ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე არის განდევნილი საკუთარი სახლებიდან და ეთნიკური წმენდის შედეგად მათ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება. აქაც ჩვენ გვაქვს ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის და მეგობრების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა  და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ, რომ არის მცდელობა ის მძიმე შედეგები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ 2008 წელს კვლავ იყოს განმეორებული და საქართველო კვლავ იყოს ჩართული პროვოკაციებში, ჩვენ რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ, - განაცხადა ზალკალიანმა. 

ცხინვალის რეჟიმი რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო Сота-ს საშუალებით გახდა ცნობილი. სააგენტო Сота-ს აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის მმართველმა პარტიამ, ,,ედინაია რასიამ", მიაწოდა. 

სააგენტოს ინფორმაციით, დე-ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი, პირდაპირ აცხადებს, რომ გადადგამს იურიდიულ ნაბიჯებს ცხინვალის რუსეთთან მიერთებისთვის.

მალევე  ცხინვალის ანექსიისთვის მზადყოფნა რუსეთის სათათბირომაც გამოაცხადა და ამ მიმართულებით პროცესების დაწყება დააანონსა.