ბათუმის სასამართლომ ,,ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი რეგისტრაციიდან არ მოხსნა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ რეგისტრაციიდან ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე, არ მოხსნა. არაერთი მტკიცებულების მიუხედავად მოსამართლემ კანონდარღვევა ვერ აღმოაჩინა.
სახელისუფლებო კანდიდატის მოხსნას ოპოზიცია ითხოვდა, რომელმაც დღეს სასამართლოს ის დოკუმენტები წარუდგინა, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ეწერებიან სხვადასხვა რეგიონებიდან ბათუმში ადამიანები, რომლებსაც სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერის სანაცვლოდ ,,ოცნების ქალაქში" ბინებს ჰპირდებიან.
რამდენიმე საათიანი პროცესი ბათუმის სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ განაცხადა, რომ ,,ოცნების" კანდიდატის რეგისტრაციიდან მოსახსნელად უფრო მაღალი სტანდარტის მტკიცებულებები სჭირდებოდა, თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა უფრო მაღალ სტანდარტებში.
ოპოზიციის განმარტებით, რა იყო უფრო მაღალი სტანდარტი, თუ არა ადამიანების ვიდეოაღიარება, რომ გადმოეწერნენ ბათუმში სპეციალურად ჯინჭარაძისთვის ხმის მისაცემად. სანაცვლოდ კი ხელისუფლება მათ ბინებს დაპირდა.
ოპოზიციამ დღეს სასამართლოში დამატებითი მტკიცებულებები წარადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ სწორედ სახელისუფლებო კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე, ხელმძღვანელობდა იმ კომისიას, რომელსაც ,,ოცნების ქალაქში" ბინები უნდა გაენაწილებინა.
,,ქართული ოცნების" პოლიტიკამ, რომლის გავლენის ქვეშაც იმყოფება სასამართლო, წერტილი დაუსვა ამ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და პირდაპირ გვითხრა: საქართველოში სამართლის პოვნა, თუ ის ,,ოცნების" ინტერესს ეწინააღმდეგება, პრაქტიკულად შეუძლებელია.
საქმეში ყველა მტკიცებულება არსებობდა და საზოგადოება ამას კარგად ხედავდა, მაგრამ სასამართლომ ის არ გაითვალსიწინა.
თუმცა, ,,ქართული ოცნება" ამ არჩევნებს აგებს, მან 2 ოქტომბერს ამ ოლქში წააგო არჩევნები, - აცხადებს ,,ენმ"-ს წევრი, მირდატ ქამადაძე.
ბათუმში საკრებულოს შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება იმის გამო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე, გარდაიცვალა.