ცხინვალის რეჟიმის განცხადებებს სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს - მიხეილ სარჯველაძე
ოკუპირებული ცხინვალის რუსეთისთვის შეერთების გეგმასა და მოსალოდნელ საფრთხეებზე არც საქართველოს პრეზიდენტს და არც პრემიერს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
,,ოცნების" დეპუტატები კრემლის და ბიბილოვის ინიციატივას პროცოკაციად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ამ თემაზე მეტი განცხადების გაკეთება საჭირო არაა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, აცხადებს, რომ ცხინვალის დე ფაქტო მმართველის სურვილსა და განცხადებებს სამართლებრივი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.
ბიბილოვი და მისი დაჯგუფების წევრები გახლავთ მხოლოდ დე ფაქტო დაჯგუფების წევრები და არა დე იურე ხელისუფლება. მათ განცხადებებს, მათ ნამოქმედარს, ასე რომ ვთქვათ, მათ მოჩვენებით აქტებს ბუნებრივია, საერთაშორისო სამართლებრივი და საერთოდ, სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვთ. რუსეთის ფედერაციის კავშირები ამ ტიპის განცხადებებთან არის გაგრძელება იმ ხაზისა, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო და გრძელდება საქართველოს ფაქტობრივი ოკუპაცია და ანექსია. შესაბამისად, ამას ბუნებრივია, ვეწინააღმდეგებით - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა, 2 დღის წინ განაცხადა, რომ ცხინვალი აქტიურად განიხილავს რუსეთის ფერდერაციაში შესვლის საკითხს და აღნიშნულ თემაზე რეფერენდუმის მოწყობას აპირებს.