საქართველოს მთავრობამ საარბიტრაჟო დავების იურიდიულ მომსახურებაზე 2017-2021 წლებში 135 მლნ ლარი დახარჯა

01.04.22 17:32
საქართველოს მთავრობამ საარბიტრაჟო დავების იურიდიულ მომსახურებაზე 2017-2021 წლებში 135 მლნ ლარი დახარჯა

მილიონები საარბიტრაჟო დავებისთვის - როგორ იხდის მთავრობა ხალხის ფულს და როგორ ქირაობს უცხოელ იურისტებს? - კვლევას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ავრცელებს. 

"2017-2021 წლებში საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებთან დაკავშირებით იურიდიული მომსახურების შესყიდვაზე საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა 135 მლნ ლარის 96 მსხვილი[1] კონტრაქტი გააფორმეს, ძირითადად უცხოურ კომპანიებთან. 2017 წლამდე იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები გაცილებით ნაკლები იყო -2011-2016 წლებში გაფორმებული 32 მსხვილი კონტრაქტის ჯამური ღირებულება 5 მლნ ლარს არ აღემატებოდა"- წერია განცხადებაში.

ირკვევა, რომ იურიდიული მომსახურების შესყიდვაზე ყველაზე მეტი თანხა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დახარჯა.  რატი ბრეგაძის უწყებამ 14 მსხვილი კონტრაქტი პირდაპირი შესყიდვის გზით გააფორმა. შემდეგ მოდის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელმაც 22.5 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 19 მსხვილი კონტრაქტი გააფორმა. 21.3 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 4 კონტრაქტით კი მესამე ადგილზეა  სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია".

იურიდიული მომსახურების მიმწოდებლები ძირითადად უცხოური კომპანიები იყვნენ. ჯამურად გაფორმებული 135 მლნ ლარის კონტრაქტებიდან 85% სამ უცხოურ კომპანიაზე მოდიოდა. ესენია: ამერიკულ კომპანია „White & Case“ – 81 მლნ ლარი, ინგლისური კომპანია „Hogan Lovells International“ – 23 მლნ ლარი და ამერიკულ-ინგლისური კომპანია „Gaillard Banifatemi Shelbaya“ – 11.5. კომპანია „Hogan Lovells International“ 2020 წლიდან პარტია „ქართული ოცნების“ ლობისტი კომპანიაა.

საბოლოო ჯამში, კვლევის თანახმად, საქართველოს მთავრობამ საარბიტრაჟო დავების იურიდიულ მომსახურებაზე 2017-2021 წლებში 135 მლნ ლარი დახარჯა.

 

 

მსგავსი სიახლეები