გვაქვს მოლოდინი, რომ 5 ივლისის საქმეს სტრასბურგში ბოლომდე მივიყვანთ - გიორგი თაბაგარი
,,თბილისი პრაიდის" წარმომადგენლებს აქვთ მოლოდინი, რომ მათი სარჩელი ევროსასამართლოში დაკმაყოფილდება და საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობის აღება მოუწევს.
ხელისუფლებამ არ დაიცვა ადამიანის უფლებები, 5 ივლისს ჩვენი უსაფრთხოება არ იყო დაცული. ამის დამამტკიცებელი არაერთი მაგალითი არსებობს- შემოჭრა საოფისე სივრცეებში, ადამიანების დევნა, არაადამიანური მოპყრობა, წამება.
ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. მაშინ, როცა ადგილობრივად, საქართველოში, ჩვენ ვერ მოვახდინეთ სამართლიანობის აღდგენა, მთავარი დამნაშავეები არ არიან დასჯილი, ამ გადმოსახედიდან ევროპული სასამართლო არის ერთადერთი იმედი, - განაცხადა გიორგი თაბაგარმა.
,,ქართულ ოცნებას" დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს- ამბობენ ადამიანები, ვინც 5 ივლისის მოვლენების დროს დაზარლდნენ და სისხლიანი მოვლენების თვითმხილველები გახდნენ. ახლა ყველა ელოდება, რას იტყვის ევროსასამართლო.
სტარბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ,,თბილისი პრაიდის" სარჩელი უკვე დაარეგისტრირა.
5 ივლისის მოვლენებიდან ნახევარ წელზე მეტი გავიდა, თუმცა ძალადობის ორგანიზატორი დაუსჯელები არიან და არც ერთი მსხვერპლი დაზარალებულად ცნობილი არაა.