საგამოძიებო სამსახურმა ინსპექტორის სამსახურის საიტიდან ყველა მასალა წაშალა - თოლორაია
ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულებისთვის შექმნილი ვებგვერდიდან ყველა ინფორმაცია წაშალა.
თოლორაიას განცხადებით, წაშლილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2 წლის განმავლობაში საგამოძიებო მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ანგარიშები, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ ინფორმაცია, სტატისტიკური მონაცემები, კვლევები და შეხვედრები.
„გეგონება ვებგვერდს მტრის ურდომ გადაუარა. ამ დროს, საქართველოს პარლამენტი დღემდე გვიმტკიცებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ გაუუქმებია, იგი მხოლოდ გარდაქმნა. მე არ მახსენდება შემთხვევა, როცა ახალმა ხელმძღვანელმა წაშალა წინა ხელმძღვანელის დროს სამსახურის საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია.
ჩემს მიმართ უპატივცემულობას შევეჩვიე, მაგრამ ეს არის უპატივცემულობა იმ სამსახურის მიმართ, რომელიც ამ ქვეყნის პარლამენტის მიერ იყო შექმნილი, სამსახურის იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა საქმიანობაც იყო ასახული ამ ვებგვერდზე და იმ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომლებიც მთელი ეს პერიოდი სამსახურს განვითარებაში ეხმარებოდნენ,” - წერს ლონდა თოლორაია.