გომელაური ისევ ბადრის ეძებს - დაკავებულია 70 წლის პენსიონერი, დევნილისგან ესებუას თანამზრახველობის აღიარებას მოითხოვდნენ?!

02.04.22 20:26
გომელაური ისევ ბადრის ეძებს - დაკავებულია 70 წლის პენსიონერი, დევნილისგან ესებუას თანამზრახველობის აღიარებას მოითხოვდნენ?!

ქვეყნის პირველი პოლიციელი ისევ ბადრი ესებუას ეძებს - "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ 70 წლის პენსიონერი, რომელსაც ესებუა თვალითაც არ უნახავს, საუკუნის ძარცვის თანამზრახველად გამოაცხადეს და დააკავეს. 

პენსიონერმა გალიდან სასამართლო პროცესზე ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულის სახელიც კი ვერ გაიხსენა, ამტკიცებს, რომ დაკავების შემდეგ და დაკითხვის დროს, პოლიციაში  ფრიდონ ჯაფარიძეს სთხოვდნენ ეღიარებინა, რომ ბადრი ესებუა, საცალფეხო ბილიკებით სამეგრელოდან მან გაიყვანა. 

ირკვევა, რომ მოხუცი ოკუპირებული გალიდან შვილებთან და შვილიშვილებთან შესახვედრად სამეგრელოში 28 თებერვალს გადმოვიდა, სოფელ რუხში ოჯახთან რამდენიმე დღე გაატარა და 1 მარტს შვილებმა ისევ გალში სოფელ ფიჩორში გააცილეს.  70 წლის პენსიონერმა სოფელ რუხიდან ენგურის ხიდამდე გზა შვილთან ერთად გაიარა. მამა-შვილი ერთმანეთს ე.წ. პირველ   გამშვებ პუნქტთან დაშორდნენ, რომელსაც ქართული პოლიცია აკონტროლებს.

რამდენიმე საათში კი ოჯახს ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტის  დეტექტივმა დაურეკა და უთხრა, რომ 70 წლის ფრიდონ ჯაფარიძე სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავა.

ოჯახი დარწმუნებულია, რომ 70 წლის პენსიონერს რომლსაც 4 თითის ამპუტაცია აქვს გაკეთებული, იარაღი არ ჰქონია და ის პოლიციამ ჩაუდო. დაკავების მიზანი კი სულ სხვა იყო - სამართალდამცველები პენსიონერს ბადრი ესებუასთან კავშირის აღიარებას სთხოვდნენ.

როგორც ჩანს, გომელაურის უწყებაში ეჭვი აქვთ, რომ ესებუა ოკუპირებულ გალში გადავიდა. იქ კი 70 წლის ფრიდონ ჯაფარიძე დახვდა და  ნომერ პირველ ძებნილს დახმარება გაუწია. 

დაკავებულ ირწმუნება, რომ არც ესებუასთან და არც მის ოჯახთან შეხება არასდროს ჰქონია. ეჭვს რომ 70 წლის პენსიონერს იარაღი ჩაუდეს, რამდენიმე გარემოება ადასტურებს.

თუ გომელაურის უწყების ვერსიას დავუჯერებთ, გამოდის რომ 70 წლის პენსიონერმა პოლიციას თავი მიზანმიმართულად დააჭერინა, რადგან ფრიდონ ჯაფარიძე ამ გზას წლებია გადის და კარგად იცის, რომ ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებულ რეგიონში მოსახვედრად ჯერ ქართული შემდეგ კი დე ფაქტო რეჟიმის ბლოკ პოსტები ჰქონდა გასავლელი. იცოდა, ისიც რომ ყველა მოქალაქეს ე.წ. საზღვარზე ჯერ ქართული შემდეგ კი ოკუპანტების პოლიცია ჩხრეკს.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ფრიდონ ჯაფარიძის დაკავების დროს, გომელაურის უწყებამ კანონი დაარღვია - ის რომ პენსიონერს დაკავების დროს იარაღი ჰქონდა, ეს მხოლოდ ოთხი პოლიციელის იდენტური ჩვენებით დასტურდება. 

საგამოძიებო მოქმედების დროს პოლიციას არც ვიდეო და რაც აუდიო მასალა  არ გადაუღია  და  ადგილზე არც ნეიტრალური მოწმეები მიუყვანია. ყველა პოლიციელი ახლა ამტკიცებს, რომ დანაშაულის დამადასტურებელი ვიდეო-მასალა რუსი სამხედროებისგან პროვოკაციის თავიდან არიდების მიზნით არ გადაიღეს.

ოფიციალური დოკუმენტებით დგინდება, რომ 70 წლის პენსიონერი16:30 საათზე დააკავეს. ამ დროს ჯერ კიდევ დღეა და შესაბამისად ვიდეო გადაღების დროს განათება შესამჩნევი არ იქნებოდა და ის პროვოკაციას უბრალოდ ვერ გამოიწვევდა. ეჭვს აჩენს დაკავების ადგილიც - ჯაფარიძე პოლიციამ ე.წ. ბუფერულ ზონაში დააკავა, სადაც არც კამერებია და არც თვითმხილველები. 

"შაბათის ეთერმა" ოპერატიული პატაკიც მოიპოვა, სადაც ნარკომანიის სამმართველოს დეტექტივმა დავით კაკულიამ  მის ხელმძღვანელს 1 მარტს აცნობა, რომ პენსიონერი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იარაღით გადადიოდა. 70 წლის კაცის დაკავება კი ამ ინფორმაციის მიღებიდან საეჭვოდ სწრაფად მოხდა. ოჯახი დარწმუნებულია რომ ეს პოლიციის მიერ გამოგონილი ვერსიაა.

ბადრი  ესებუას კვალზე პოლიცია ვერ გადის, თუმცა 70 წლის პენსიონერი უკვე მეორე ადამიანია, რომლსაც მასთან სავარაუდო კავშირის გამო ციხეში შესაძლოა, წლების გატარება მოუწიოს, ამ დრომდე პატიმრობაშია ესებუას ძმა, თუმცა გამოძიება ვერ ადგენს, რომ მან ძმის განზრახვის შესახებ ან იცოდა, ან ბანკის ძარცვის შემდეგ დახმარება გაუწია. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები