დავით ზალკალიანი მინისტრი აღარ არის - ის ღარიბაშვილმა აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშნა
მთავრობაში ცვლილებებია - საგარეო სამქეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საგარეო უწყებას აღარ უხელმძღვანელებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა ზალკალიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად დაინიშნა.
მთავრობის მეთაურმა ზალკალიანს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მას პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
აშშ არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ბუნებრივია, როცა ჩვენი მთავრობა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების მქონე კადრს, ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიყვანოთ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები", - თქვა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს, პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ილია დარჩიაშვილი დანიშნა.
დარჩიაშვილი წლების განმავლობაში პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.
ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ამ სიტუაციაში, ბუნებრივია, საჭიროა აქტიურობა და ამ გზაზე გვჭირდება შემართებით მუშაობა და ყველა სტრატეგიული მიზნის განხორციელება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და თითოელი დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ",- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.