რის გამო მოხსნეს ზალკალიანი? - ,,ოცნებაში " დიდი დაბნეულობაა
რის გამო დააქვეითეს მინისტრი ზალკალიანი და რატომ გაუშვეს აშშ-ში ელჩად? იყო თუ არა მმართველ გუნდსა და მინისტრს შორის აზრთა სხვადასხვაობა? - ,,ოცნების" პოზიცია ბუნდოვანია.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ ამერიკაში ელჩად გაშვება ზალკალიანისთვის არც დაწინაურებაა, არც დაქვეითება.
ვინ თქვა , რომ ზალკალიანი გადააყენეს. აშშ იმდენად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია ჩვენთვის, რომ ამერიკაში ელჩობა გახლავთ საკმაოდ მაღალი პასუხიმგებლობის თანამდებობა. არც დაქვეითება, არც დაწინაურება, ეს არის დიპლომატიური სამსახური.
აშშ-ში საქართველოს ელჩს გაუვიდა უფლებამოსილების ვადა, შესარჩევი იყო ახალი ელჩი და შერჩეულ იქნა ბატონი ზალკალიანის კანდიდატურა. - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, ირწმუნება, რომ ახალ კანდიდატს, ილია დარჩიაშვილს აქვს ისეთი ხედვები და აქცენტები, რის გამოც მან ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ჩაანაცვლა. სწორედ ამ აქცენტების წყალობით პროცესები უფრო მარტივად წარიმართება - ამბობს სარჯველაძე.
გამორიცხულია, კონფლიქტი იყო მიზეზი. უბრალოდ შეუძლებელია, კონფლიქტში მყოფი პიროვნება აშშ-ში ელჩად დანიშნონ. სხვადასხვა მიზეზი შესაძლოა, ჰქონდეს ამას. მათ შორის- გარკვეული ხედვები შეიძლება იყოს ისეთი, რაც საჭიროებდეს ზალკალიანის ისეთი კადრით ჩანაცვლებას, როგორიცაა ბატონი ილია დარჩიაშვილი.
სპეციფიკის გათვალისწინებით შესაძლოა, პროცესები უფრო მარტივად წარიმართოს, აქცენტები სწორი მიმართულებით გაკეთდეს და ასე შემდეგ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ილია დარჩიაშვილი დაიკავებს. ის აქამდე პრემიერის ადმინისტრაციის უფროსი იყო.