საქართველოს შესაძლო თანამშრომლობა რუსეთთან - კობახიძე დაზვერვის ინფორმაციის უკანაც ენმ-ს ხედავს
კონტრაბანდაზე უკრაინის განცხადება ალოგიკურია - ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გააკეთა. კობახიძე ტრადიციულად უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უკანაც "ნაციონალურ მოძრაობას" ხედავს.
მისი მტკიცებით, ადამიანები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციაში არია, უკრაინის ხელისუფლების ნაწილი არიან.
ეს არის იმ ალოგიკური გადაწყვეტილებების და ნაბიჯების გაგრძელება, რაც ჩვენ ვიხილეთ ასევე უახლოეს წარსულში. მათ შორის, იგივე ელჩის გაწვევის სახით და ამ ყველაფერს აქვს ერთი მარტივი მიზეზი, რაც უკვე არაერთხელ ვთქვით. ადამიანები, რომლებიც აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იქ არიან ხელისუფლების ნაწილი. იგივე სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები"- თქვა მან.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, უკრაინის დაზვერვის განცხადება არის აბსურდი და წითელი ხაზის გადაკვეთა. მისი თქმით, ნორმალურ ვითარებაში ეს შეიძლებოდა ყოფილიყო დემარში, თუმცა დღეს ხელისუფლება ამის გაკეთებას არ აპირებს.
ეს არის მარტივი აბსურდი, ყველანაირი წითელი ხაზია გადაკვეთილი, მაგრამ ჩვენ მაინც არ გვაქვს უფლება, რომ თუნდაც ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლებას უხეშად დავუპირისპირდეთ ერთი მარტივის მიზეზის გამო, ეს ხელისუფლება არის დღეს ომის მდგომარეობაში და შესაბამისად, ამას ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენი ალოგიკური ნაბიჯის შედეგი და რეაქცია უნდა ყოფილიყო რაღაცა დემარში, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ",- განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
კობახიძე უკრაინის ხელისუფლებისგან ინფორმაციის წყაროს გასაჯაროებას მოითხოვს.
საქართველოს ხელისუფლება უპრეცენდენტო სკანდალში ეხვევა - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მოპოვებული მტკიცებულების თანახმად, „ქართული ოცნების“ გუნდი რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ზელენსკის გუნდის თქმით, მსოფლიო სანქციების ფონზე საქართველოს ხელისუფლება პუტინის რეჟიმთან ფარულ გარიგებაში შევიდა და კონტრაბანდული გზით იარაღის წარმოებისათვის საჭირო პროდუქცია რუსეთში საქართველოს გავლით შედის. მათივე მტკიცებით, ქართულ სპეცსამსახურებს მწვანე შუქი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღანელობამ აუნთო.