სამწუხაროდ, უკრაინა გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად - წულუკიანი

05.04.22 15:12
სამწუხაროდ, უკრაინა  გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად - წულუკიანი

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი,  უკრაინის ვიცე-პრემიერის მიმართვას პასუხობს, რომელიც რუსული "კონტრაბანდის" საქართველოს ტერიტორიაზე გატარებას შეეხებოდა. წულუკიანი ვერეშჩუკს მოუწოდებს, არ აჰყვნენ "გაქცეულ, ძებნილ, კოლექტიურ, გია ლორთქიფანიძეებს". 

მინდა, ქალბატონ ვერეშჩუკს ვუთხრა. ძვირფასო კოლეგავ, მინდა, გჯეროდეთ და გარწმუნებთ, საქართველოს საზღვრები კონტროლდება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეს საზღვრები კონტროლდება სწორედ იმისთვის, რომ ნებისმიერი სანქცირებული, იქნება ეს სამხედრო, ორმაგი დანიშნულების მასალა, თუ საქონელი, არ ასცდეს მკაცრ საბაჟო მონიტორინგს ჩვენს საზღვრებზე. ეს არის რეალობა, დანარჩენი ყველაფერი არის ბინძური ტყუილი. ჩვენი ბრალი ვერ იქნება, თუ უკრაინა სამწუხაროდ ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად.

  ამიტომაც, მე ვისურვებდი, რომ უკრაინის მთავრობა არ აჰყვეს კრიმინალებს, მათ ნაამბობს, რაც არ უნდა ძნელი იყოს ომის პირობებში სიმართლისა და ტყუილის გარჩევა ხანდახან. ვისურვებდი, რომ ისინი არ აჰყვნენ სწორედ ჩვენგან გაქცეულ, ძებნილ, კოლექტიურ გია ლორთქიფანიძეებს, რომლებიც უარს ამბობენ, ისეთ სისასტიკეებზე აგონ პასუხი, რომლებიც საკუთარი ხალხის წინაშე ჩაიდინეს და ითანაშრომლონ არა ჩვენგან გაქცეულ რადიკალურ ოპოზიციასთან, არამედ საქართველოს მთავრობასთან, ვინაიდან, საქართველოს ხალხი და მის მიერ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა არის უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ძალიან ერთგული მეგობარი, ამას ჩვენი ხალხი და მთავრობა ყოველდღიური საქმიანობისას ფაქტებით ამტკიცებს, – განაცხადა თეა წულუკიანმა. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  რუსები აყალიბებენ არხს საქართველოს გავლით, ყალბი საქონლის კონტრაბანდისთვის.  

მსგავსი სიახლეები