კეთილი ინებოს მთავრობამ და დაამტკიცოს, რომ რუსეთთან არ თანამშრომლობს - ხოშტარია
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინას საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად კონტრარგუმენტები უნდა წარუდგინოს. საუბარია უკრაინული დაზვერვის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველო რუსეთთან ფარულად თანამშრომლობს და სამხედრო ორმაგი დანიშნულების ტვირთების კონტრაბანდული გზით გატარებაში ეხმარება.
ხოშტარია თვლის, რომ "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი ქმედებებიდან გამომდინარე, უკრაინის მხრიდან მსგავსი ეჭვები ლოგიკურია.
დღეს ვალდებულება წარმოდგენის, მტკიცების ქართველი ხალხის მიმართ და უკრაინელი, უკრაინაში დახოცილი, მათ შორის, ადამიანების მიმართ, აქვს ქართულ დაზვერვას. რატომ? იმიტომ, რომ ყველა მათი მოქმედება ლოგიკურად ჯდება იმ ეჭვში, რომ შესაძლოა, რაღაცეებს ყიდიან რუსეთზე, რაღაცეებს გადასცემენ რუსეთს.
ხომ შეუძლებელია, რომ ეს ეჭვი გაჩნდეს ბრიტანეთში. ვინმე ბრიტანეთს ეტყვის, რომ რაღაცას რუსეთს აწვდიო? ვერ ეტყვის, იმიტომ, რომ ალოგიკური იქნება. აქ ეს არის ლოგიკური. ამიტომ, კეთილი ინებოს მთავრობამ და დაამტკიცოს, ახსნას, თუმცა მე ნულოვანი მაქვს ნდობა ქართული დაზვერვის, - განაცხადა ხოშატრიამ.
საქართველოს ხელისუფლება უპრეცენდენტო სკანდალში ეხვევა - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მოპოვებული მტკიცებულების თანახმად, „ქართული ოცნების“ გუნდი რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ზელენსკის გუნდის თქმით, მსოფლიო სანქციების ფონზე საქართველოს ხელისუფლება პუტინის რეჟიმთან ფარულ გარიგებაში შევიდა და კონტრაბანდული გზით იარაღის წარმოებისათვის საჭირო პროდუქცია რუსეთში საქართველოს გავლით შედის. მათივე მტკიცებით, ქართულ სპეცსამსახურებს მწვანე შუქი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღანელობამ აუნთო.