უახლოეს დღეებში საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციის ახალი ტალღა იქნება - მამუკა მდინარაძე
ნიადაგი მზადდება იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტი გაიხსნას - ინფორმაცია "ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე ავრცელებს.
მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, უახლოეს დღეებში საქართველოს წინააღმდეგ "პროვოკაციების ახალ ტალღას ვიხილავთ".
მმართველ პარტიაში უკრაინის დაზვერვისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადების უკან ნაციონალურ მოძრაობას ხედავენ.
ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი, ამჯერად სრულიად გაუგონარი განცხადება, რომელიც შეურაცხმყოფელია როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რასაც დღეს სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დაემატა მტკიცებულებების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რაც არათუ მხოლოდ ბუნებაში არ არსებობს და აბსურდია, არამედ მსგავსი სიბინძურე ფიქრადაც არავის გაუვლია ჩვენი მხრიდან.
მტკიცებულებები მოთხოვო მას, ვისაც წარმოუდგენელი განზრახვა და დანაშაული დააბრალე, სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილი ნოუ-ჰაუა ამ სფეროში. გასაგებია, რომ ამგვარი განცხადებების უკან, საქართველოში ომის პარტიის, ოპოზიციის და უკრაინაში ხელისუფლებში მყოფი ცალკეული ადამიანები დგანან, მათ შორის უკრაინის უსაფრთხოების სისტემაში უკანასკნელ პერიოდში დანიშნული პირი", - თქვა მდინარაძემ.