„ომის პარტიების" არც ერთ ინიციატივას საგარეო საკითხებზე არა თუ არ განვიხილავთ, არამედ სერიოზულადაც კი არ მივიღებთ - სუბარი

07.04.22 15:36
„ომის პარტიების" არც ერთ ინიციატივას საგარეო საკითხებზე არა თუ არ განვიხილავთ, არამედ სერიოზულადაც კი არ მივიღებთ - სუბარი

"ქართული ოცნება" ფრაქცია "ლელოს" ინიციატივას რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების თაობაზე რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით, მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ დეპუტატმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

სუბარი ამბობს, რომ “ლელოს” ინიციატივა საინტერესო არ არის.

„ომის პარტიების" არც ერთ ინიციატივას საგარეო საკითხებზე არა თუ არ განვიხილავთ, არამედ სერიოზულადაც კი არ მივიღებთ.საქართველომ 2008 წელს სწორედ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო ჰააგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ჰააგის სასამართლომ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა და სამი პირი ბრალდებულად ცნო. მათი დაპატიმრების ორდენიც გამოიცა. სასამართლო პროცესი და გამოძიება გრძელდება. დარწმუნებული ვართ, კიდევ ბევრ პირს შეეხება.

საქართველო 37 ქვეყანასთან ერთად თანაავტორია იმ საჩივრის, რომელიც შეტანილია ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. 2008 წლის საჩივრისგან განსხვავებით, გამოძიება დაჩქარებული წესით მიდის და ყველაფერს დაადგენს.საქართველოსა და ხელისუფლების პოზიცია სწორედ აქ ჩანს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, „ლელომ" პარლამენტს უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თაობაზე რეზოლუციის პროექტი წარუდგინა. 

მსგავსი სიახლეები