დაუყოვნებლივ მიეცით აქციის მონაწილეებს სხვა ადგილზე შეკრების უფლება - ლომჯარია შსს-ს
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მისცეს ნამოხვანის აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა. ლომჯარიას განცხადება პოლიციის მიერ რიონის მცველების კარვების აღებას მოჰყვა.
კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებიდან გამომდინარე, შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის თავიდან აცილების მიზნით სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს: დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოს ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს; საზოგადოებას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია სოფელ ნამოხვანთან მისასვლელი გზების გადაკეტვის მიზეზებისა და ხანგრძლივობის შესახებ", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
რიონის ხეობაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფება, რომელიც ვითარებას აკვირდება. რიონის ხეობაში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. შსს-მ რიონის მცველებს კარვების აღება მოსთხოვა, მიზეზად კი მდინარის დონის მატებას და მომატებულ საფრთხეს ასახელებენ. აქტივისტები ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ შსს კარვების დასაშლელად მიზეზებს ეძებს.