"ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება" - პრემიერი უკრაინას ცილისწამებაში ადანაშაულებს
საქართველოს პრემიერი უკრაინას ცილისწამებაში ადანაშაულებს. ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. საუბარია ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც საქართველო რუსეთს დასავლეთის სანქციების გვერდისავლაში ეხმარება.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ. პირველ რიგში, მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის ცილისმწამებლური ბრალდების მოსმენა უკრაინის მხრიდან. გასაგებია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, არავითარი მტკიცებულება, ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო. მე უკრაინელებს ვუსურვებდი, რომ რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ეს დამანგრეველი ომი, რომელიც ძალიან დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენთვის, მთელი რეგიონისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. იცით თქვენ, რომ გაეცა კომპეტენტური პასუხები სხვა და სხვა უწყების მხრიდან, გაკეთდა არერთ განცხადებაზე განმარტება . მე მინდა ცალსახად განვაცხადაო, საქართველო არასდროს დაუშვებს იმას, რომ რაიმე სანქცირებული ნივთის გადატანა მოხდეს. მითუმეტეს, რომ თითქოს მთავრობაა ამაში ჩართული, ეს ხომ სრული აბსურდია, - განაცხადა ღარიბაშილმა.
საქართველოს ხელისუფლება უპრეცენდენტო სკანდალში ეხვევა - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მოპოვებული მტკიცებულების თანახმად, „ქართული ოცნების“ გუნდი რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ზელენსკის გუნდის თქმით, მსოფლიო სანქციების ფონზე საქართველოს ხელისუფლება პუტინის რეჟიმთან ფარულ გარიგებაში შევიდა და კონტრაბანდული გზით იარაღის წარმოებისათვის საჭირო პროდუქცია რუსეთში საქართველოს გავლით შედის. მათივე მტკიცებით, ქართულ სპეცსამსახურებს მწვანე შუქი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღანელობამ აუნთო.