სანამ ბინძურ ბრალდებებზე ბოდიშს არ მოიხდიან, უკრაინაში ჩასვლაზე საუბარი არ უნდა იყოს - ხუნდაძე
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს, მიაჩნია, რომ სანამ უკრაინის უშიშროება თავის ბინძურ ცილისწამებაზე არგუმენტირებულ პასუხს არ გასცემს, ან ბოდიშს არ მოიხდის, ქალაქ ბუჩაში ჩასვლაზე საუბარი არ იქნება.
საუბარია რადას სპიკერის, რუსლან სტეფანჩუკის, შემოთავაზებაზე, რომელმაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქალაქ ბუჩაში ომის დანაშაულებების სანახავად მიიწვია.
პარლამენტის თავმჯდომარე ჩავა თუ არა ბუჩაში, ამაზე თავად გასცემს პასუხს. თუმცა, ჩემი პოზიცია ამდაგვარია, სანამ უკრაინის მხარე არ გააკეთებს განმარტებებს მათივე უშიშროების ბინძურ ბრალდებებზე, არ იქნება არგუმენტები, ან წინააღმდეგ შემთხვევაში ბოდიში მოხდილი, ვფიქრობ, ასეთ საკითხებზე საუბარი არ უნდა იყოს. - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.
უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი, სასაკლოდ ქცეულ ქალაქში ელოდება კოლეგას ყველა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდანაც, რათა საკუთარი თვალით ადგილზე ნახონ რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებები.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, ქალაქ ბუჩაში მოწვევის შესახებ ადასტურებს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ანდრეი კასიანოვი.
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, ბატონმა სტეფანჩუკმა, მიმართა ყველა პარლამენტარს ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაულები. შესაბამისი მოწვევა მიიღო ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა შალვა პაპუაშვილმა - თქვა კასიანოვმა.
უკვე ორი დღეა, შალვა პაპუაშვილმა უკრაინელი კოლეგის მოწვევა მიიღო, თუმცა, პასუხი ჯერ არ გაუცია.