ლიეტუვამ საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით მიმართა
ლიეტუვა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ხელი შეუწყოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გადაყვანას ევროპულ სახელმწიფოში გადაუდებელი მკურნალობისთვის - ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის მიერ შემუშავებულ დოკუმენშია ნათქვამი.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ხელი შეუწყოს ციხეში მყოფი და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას ევროპულ სახელმწიფოში გადაუდებელი მკურნალობისთვის, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ დეპოლარიზაციას და თავიდან აიცილებს რუსეთისა და მისი სატელიტების ჩარევას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საქმეებში - აღნიშნულია ლიეტუვის სეიმის მიერ გამოგზავნილ დოკუმენტში.
გარდა ამისა, ლიეტუვა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ და ინდივიდუალურ სანქციებთან მიერთებაზე უარის თქმის შესახებ და ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი აარიდოს ყოველგვარ ნაბიჯს, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთისა და ბელორუსიის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლას.