სტეფანჩუკი შალვა პაპუაშვილს სასაკლაოდ ქცეულ ბუჩაში ელოდება
უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი, სასაკლოდ ქცეულ ქალაქში ელოდება კოლეგას ყველა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდანაც, რათა საკუთარი თვალით ადგილზე ნახონ რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებები.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ქალაქ ბუჩაში მოწვევის შესახებ ადასტურებს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ანდრეი კასიანოვი.
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, ბატონმა სტეფანჩუკმა, მიმართა ყველა პარლამენტარს ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაულები. შესაბამისი მოწვევა მიიღო ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა შალვა პაპუაშვილმა, - თქვა კასიანოვმა.
უკვე ორი დღეა, შალვა პაპუაშვილმა უკრაინელი კოლეგის მოწვევა მიიღო, თუმცა, პასუხი ჯერ არ გაუცია.