პარლამენტის სპიკერი უნდა ჩასულიყო ბუჩაში,ამის ნაცვლად ვნახეთ საყვედურები უკრაინის ხელისუფლების მიმართ - ბადრი ჯაფარიძე
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბუჩაში უნდა ჩასულიყო.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, "ქართული ოცნება" უკრაინას მხარს მხოლოდ ფორმალურად უჭერს.
პარლამენტის სპიკერი უნდა ჩასულიყო ბუჩაში, იქ, სადაც უზარმაზარი ტრაგედია მოხდა. ამის ნაცვლად ვნახეთ საყვედურები უკრაინის ხელისუფლების მიმართ, ქედმაღლური პოზიცია. ეს არ შეეფერება ქართველ კაცს, რომელიც უნდა იდგეს თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის გვერდით. ეს არის იმ ხაზის გატარება, რომელსაც „ქართული ოცნების“ მხრიდან რუსეთის ფედერაციის აგრესიის პირველი დღიდან - ერთი მხრივ ფორმალურად, ჩვენი სახელმწიფო საერთაშორისო პლატფორმებზე მხარს უჭერს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს, მაგრამ პრაქტიკული ნაბიჯები და განცხადებები არ შეესატყვისება იმას, რასაც ახლა უკრაინის სახელმწიფო ჩვენგან საჭიროებს. ამიტომ საყვედურების და ქედმაღლობის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა ჩავიდნენ კიევში, ბუჩაში და გამოხატონ სოლიდარობა და თანადგომა უკრაინის ხელისუფლების და ხალხის მიმართ“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მიწვევა, რათა თავად ჩავიდეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში და ომის დანაშაულები საკუთარი თვალით ნახოს.