უნდა ვუმადლოდეთ უკრაინასა და მათ ბრძოლას! - პრეზიდენტი ევროკავშირისგან კითხვარის მიღებაზე

11.04.22 18:27
უნდა ვუმადლოდეთ უკრაინასა და მათ ბრძოლას! - პრეზიდენტი ევროკავშირისგან კითხვარის მიღებაზე

ევროკავშირისგან კითხვარის მიღება არის შანსი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა კიდევ ბევრი წელი არ ელოდებოდა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

 ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ერთად გაწევრიანების პროცედურების დაჩქარებას უკრაინასა და მათ ბრძოლას უნდა ვუმადლოდეთ.

ეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღე. დღეს მივიღეთ ევროკავშირისგან ის კითხვარი, რომელსაც ალბათ არ ველოდებოდით რამდენიმე წელი. ეს არის არაჩვეულებრივი ახალი შანსი, რაც გაუჩნდა ჩვენს ქვეყანას. ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირის ყველა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას. მაგრამ ამაზე მეტად ამას უნდა ვუმადლოდეთ უკრაინის ბრძოლას.

რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა, ალბათ, ეს დღეც არ დადგებოდა ასე სწრაფად.  თუ რამე არის ეროვნული, ეს არის ეროვნული  საქმე, ინტერესი, რაზეც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები კიდევაც პირველი დამოუკიდებლობიდან. 

აქ არის ნამდვილად ჩვენი მომავალი სასწორზე და უნდა გადავწყვიტოთ, რა გვინდა.  ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ ვიდგეთ ამ დღეს სრული ერთსულოვნებით.  ქალაქში თუ სოფელში, ყველა უნდა გაერთიანდეს ამ მიზნის ირგვლივ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ეს შეგვიძლია - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გადაეცა ევროკავშირის კითხვარი, რომელიც 400 კითხვისგან შედგება. 

აღნიშნული დოკუმენტის შევსება და  მისი მოწონება არის ერთ-ერთი ეტაპი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის გზაზე.

მსგავსი სიახლეები