ბათუმის საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა, "ოცნებამ" საკრებულოს თავმჯდომარე ვერც ამჯერად აირჩია
ბათუმის საკრებულოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. დღევანდელ სხდომას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, „ლელოს“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრები არ დაესწრნენ.
ბათუმის საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა. "ქართულმა ოცნებამ" საკრებულოს თავმჯდომარე ვერც ამჯერად აირჩია. მიზეზი ოპოზიციის პროტესტი გახდა, რომელიც სხდომაზე არ მივიდა.
დღეს სხდომაზე ახლადარჩეული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის პროცედურაც იყო დაგეგმილი, თუმცა ვერც ეს მოხდა, რადგან ქვორუმი ვერ შედგა.
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, თენგიზ აფხაზავა, ოპოზიციას დესტრუქციაში ადანაშაულებს:
“დღევანდელმა დღემ ყველა დაგვარწმუნა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და გახარიას პარტია შეთანხმებულად მოქმედებენ, მათ ბოიკოტი გამოუცხადეს საკრებულოს სხდომას და ისინი უარს ეუბნებიან ხალხის არჩევანს, 70 პროცენტით მხარდაჭერილ კანდიდატს”, - აცხადებს თენგიზ აფხაზავა.