თუ რაღაც საკითხები ჩაიხურება, პაპუაშვილი უკრაინაში ჩავა - ,,ოცნება" ისევ წინაპირობებს აყენებს
,,ქართული ოცნება" პოზიციებს არ ცვლის და კვლავ მიიჩნევს, რომ უკრაინულმა მხარემ საკითხები მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით უნდა ,,ჩახუროს".
ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კიევმა თავისი ბრალდება უკან უნდა წაიღოს, რაც გახდება იმის საბაბი, რომ უკრაინაში წამსვლელ ქართულ დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, უხელმძღვანელებს.
არასწორია, რომ თითქოს ულტიმატუმი წავუყენეთ უკრაინას, არასწორია, მაგრამ რაღაც საკითხები დასახურია. ვიმედოვნებთ, საკითხები გაირკვევა.
ახლა გავარკვიეთ, რომ უკრაინის რადას თავმჯდომარეს ერთ-ერთ ტელევიზიაში აქვს ჩართვა, მგონია, საჯარო ჩართვის დროს, ასევე პირადი კომუნიკაციებისას ეს საკითხები ჩაიხურება. ეს იქნება დამატებითი საფუძველი, რომ დელეგაციას უხელმძღვანელოს შალვა პაპუაშვილმა.
საკითხები, რომელიც მწვავედ დაისვა, პირდაპირ ვიტყვი, შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომელიც ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან გახმოვანდა, ჩაიხურება, გადაიწევს უკანა პლანზე, უკან იქნება წაღებული, გახდება საფუძველი იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გაემგზავროს მეგობარ ქვეყანაში - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საუბარია უკრაინის უშიშროების სამსახურის ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდული ტვირთები მიედინება.