ერთგვარი განაცხადია, რომ 2021 წელს მედია ომის რეჟიმში იყო - ნოდარ მელაძე სახდეპის ანგარიშზე
"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, აშს-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ ანგარიშს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ დეპარტამენტმა მკაფიო განაცხადი გააკეთა საქართველოში მედიის მიმართ გამოცხადებულს ომზე.
ნოდარ მელაძე ყურადღებას ამახვილებს, რომ ანგარიშში ასევე მოხვდა "ტვ პირველის" მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებები, რასაც ძალოვანი უწყებების მხრიდან დამოუკიდებელ მედიასაშუალებაში შესვლის მცდელობა მოჰყვა.
მკაფიოდ არის გაზიარებული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყველა ის მძიმე პროცესი, რომელიც იყო ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, ჟურნალისტების ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, ტელევიზიებში ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების შემოსვლის მცდელობის ფაქტები, მფლობელების წინააღმდეგ დაწყებული დაპირისპირება. პერსონალურად მოხვდა ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ეხება ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ორგანიზებულ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებს.
ეს არის ერთგვარი განაცხადი ჩემი აზრით, რომ მედია 2021 წელს საქართველოში იყო განსაკუთრებული იერიშის მსხვერპლი და ჟურნალისტები იყვნენ ომის რეჟიმში", - ამბობს ნოდარ მელაძე.
პოლიტიკური საქმეები, ტერორით ჩატარებული არჩევნები და მედიის დევნა. "ტვ პირველი" უმწვავეს ანგარიშში ხუთჯერაა ნახსენები.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში პერსონალურად მოხვდა "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში გასული ჟურნალისტური გამოძიება - ბერა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ადამიანების დაშინებასა და ტერორზე.
დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების დაშინების მცდელობას.