"ოცნებამ" ისევ გადაიფიქრა - ვინ მიდის უკრაინაში?
"ქართულმა ოცნებამ" ისევ გადაიფიქრა - სახელისუფლებო გუნდი ახლა ყველა ოპოზიციურ პარტიას უკრაინაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად წასვლას სთავაზობს. ხელისუფლება კიდევ ერთ კომპრომისზე ოპოზიციის დიდი პროტესტის შემდეგ წავიდა. მმართველი პარტია ამბობს, რომ თანახმაა დელეგაციაში სამის ნაცვლად ყველა პარტია წავიდეს, თუმცა შესაძლოა საკითხმა ოპოზიციაში უთანხმოება მაინც გამოიწვიოს. პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებია "ერთიან ნაციობალურ მოძრაობას".
რაც შეეხება "ლელოს", "სტატეგია აღმაშენებელს", "გირჩს", "მოქალაქეებს", ისინი უკრაინაში, ერთ დელეგაციად წასვლას მიესალმებიან.
"თხოვნა მექნება ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, რომ დროულად მოგვაწოდონ საკუთარი კანდიდატები ამ პოლიტიკური ჯგუფისთვის", - თქვა ცოტა ხნის წინ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
ჩემი სურვილი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ყოფილიყო მრავალპარტიული, გუშინ გვქონდა საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მქონდა შეთავაზება რომ თანაბარი წარმომადგენლობა ყოფილიყო, თუმცა არ იყო თანხმობა და შემდეგ კვლავ შევთავაზეთ, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან წარმომადგენელი იყოს. მართალია ამ შემთხვევაში უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა, რომ თავის მხრივ არ გაზარდოს წარმომადგენლობა, თანაბრობის პრინციპი ამ შემთხვევაში დაირღვევა და ოპოზიციური უმრავლესობის დელეგაცია იქნება, თუმცა გამომდინარე ვითარებიდან ეს შეთავაზება ვფიქრობ, სწორი იყო და აქედან გამომდინარე, მე თხოვნა მექნება ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, რომ დროულად მოგვაწოდონ საკუთარი კანდიდატები ამ პოლიტიკური ჯგუფისთვის.. იმედი მაქვს, რომ დღის პირველ ნახევარში ეს საკითხი უნდა გავარკვიოთ და ველი ყველა პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.