ტვ პირველმა ოზურგეთში ,,ალტ-ინფოს" რიგებში პედაგოგები აღმოაჩინა
ოზურგეთში ,,ალტ ინფოს" მხარდამჭერთა რიგებში სასულიერო პირის შემდეგ პედაგოგებიც გამოჩნდნენ. ,,ტვ პირველის" ინფორმაციით, გუშინ, პარტიის ოფისში, მაშინ როდესაც სამოქალაქო აქტივისტები პრორუსი პარტიის ფუნქციონირებას აპროტესტებდნენ, შენობაში საჯარო სკოლის პედაგოგებიც იყვნენ. ირკვევა ისიც, რომ ეს ადამიანები სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტების შეურაცხმყოფელ პოსტებსაც ავრცელებენ.
ტვ პირველმა ,,ალტ ინფოს" წევრი ორი პედაგოგის ვინაობა გაარკვია. ერთ-ერთი მაკვანეთის საჯარო სკოლის პედაგოგია, დალი რიჟამაძე-კუკულაძისა. მეორეც ქართული ენის მასწავლებელია, რომელიც გაღმა დვაბზუს სკოლაში ასწავლის, ლილი ბასილაშვილი.
არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი? - ტვ პირველმა ორივე პედაგოგს ერთი მარტივი შეკითხვა დაუსვა.
ყველაზე მეტი ოკუპანტი ამ ქვეყანაზე არის ,,ნაციონალური მოძრაობა" -განუცხადა ,,პირველებს" დალი რიჟამაძემ.
რაც შეეხება ლილი ბასილაშვილს, ის ამბობს, რომ ,,ალტ ინფო" სიმართლეს ლაპარაკობს.
რამდენჯერმე ვუსმინე ,,ალტ ინფოს". ვხედავ, რომ ისინი სიმართლეს ამბობენ. მე ვარ დემოკრატი ადამიანი, ისინი კი არიან რუსეთის არამოყვრები და პირიქით აკრიტიკებენ ყველას, ამერიკასაც, რუსეთსაც. სიმართლეს ლაპარაკობენ იმ კუთხით, რომ ჩვენ რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ. - განაცხადა ბასილაშვილმა.
სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ,,ალტ ინფოს" დახურვის მოთხოვნით გურიაში აქციებს მართავენ, ამბობენ, რომ დაუშვებელია პრორუსული ორგანიზაციის რიგებში პედაგოგების გაერთიანება, რადგან მასწავლებლები თავიანთ მოსწავლეებზე გავლენას მოახდენენ.