ჩვენმა მოქალაქეებმა თავის გაწირეს უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის - დეკანოიძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა. დეკანოიძემ დავით მენაბდიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და თქვა, რომ ქართველმა გმირმა თავი როგორც უკრაინისთვს, ისე საქართველოსთვის გაწირა.
მინდა, მთელი გულით მივუსამძიმრო ოჯახს, მთელი გულით მივუსამძიმრო მთელ საქართველოს და ასევე უკრაინას. ჩვენ დავკარგეთ ერთ-ერთი გამორჩეული ჩვენი მოქალაქე, ჩვენი ძმა, მეგობარი და თავისუფლებისთვის მებრძოლი. ჩვენმა მოქალაქეებმა თავი გაწირეს უკრაინის თავისუფლებისთვის, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ისინი იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის, ამიტომ ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ მათი ხსოვნის პატივის მისაგებად ეს არის ის, რომ არ დავნებდეთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ", - ამბობს ხატია დეკანოიძე.
დავით მენაბდიშვილს დღეს დაკრძალავენ. სიონის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ოჯახს სამძიმარი ოპოზიციის წევრებმა გამოუცხადეს, ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ დავით კირკიტაძე და გიგი უგულავა. ქართველი გმირების ოჯახებს სამძიმარი ხელისუფლებიდან არც ამჯერად მიუღიათ.
ომში დაღუპულ კიდევ ერთ გმირს, 21 წლის ნიკა შანავას კი დღეს ვარკეთილში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ და ხვალ სამხედრო პატივით დაკრძალავენ. დაღუპული მეომრების ოჯახებს სამძიმარი ხელისუფლებისგან არც ამჯერად მიუღიათ.
შანავა და მენაბდიშვილი იზიუმში 9 აპრილს ოკუპანტებთან შეტაკებისას დაიღუპნენ. უკრაინაში რუსეთის აგრესიას 6 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა