არ გვაქვს ინსტრუმენტები, რომ სანქციებით რეალური ეფექტი მოვახდინოთ - პაპუაშვილი
უკრაინიდან დაბრუნებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისევ იმეორებს, რომ საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესების რესურსი არ აქვს. მისი თქმით, ამის მიუხედავად, საქარათველო არ იქნება ქვეყანა, რომლის მეშვეობითაც რუსეთი დასავლეთის სანქციებს გვერდს აუვლის.
შალვა პაპუაშვილმა ასევე, უკრაინის მთავრობის თხოვნას უპასუხა, რომელიც ინფორმაციულ ომში საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერას ეხება და აღნიშნა, რომ ჰიბრიდული ომი რუსეთს ისედაც წაგებული აქვს.
საერთაშორისო საფინანსო რეგულაციებს საქართველო, როგორც საერთაშორისო სისტემის ნაწილი, რა თქმა უნდა, ამ რეგულაციებს ავტომატურად უერთდება და ამ კუთხით რაიმე პრეტენზიები არ არსებობს. რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, ითქვა იქ, რომ საქართველოს იქნებ განეხილა ორმხრივი სანქციების შესაძლებლობები. ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები სანქციების კუთხით, რომლითაც შეიძლება რეალურად რაიმე ეფექტი მოვახდინოთ, ვთქვათ, რუსეთის გადაწყვეტილებებზე, მაგრამ მთავარი უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც არის შემდეგი, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, რომლითაც რუსეთს ექნება შესაძლებლობა გვერდი აუაროს სანქციებს. საინფორმაციო ომი რუსეთს წაგებული აქვს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც წაგებული აქვს. ამ კუთხით მე დიდ რისკებს ვერ ვხედავ. რისკი არ არის იმდენად დიდი, რომ ახლა ვსაუბრობდეთ რეგულაციებზე, - განაცადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო დელეგაცია უკრაინდან გუშნ დაბრუნდა. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებშ მათ ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ბუჩა და ირპენი მოინახულეს.