მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - მიხეილ სააკაშვილს აქვს ტკივილები და უჭირს გადაადგილება
"ტვ პირველისთვის" ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - მიხეილ სააკაშვილს აქვს ტკივილები და უჭირს გადაადგილება. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა წერილი მიწერა დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფს და მათგან რეკომენდაცია მოითხოვა.
ნევროლოგი ოთარ თოიძე "ტვ პირველთან" აცხადებს, რომ მან მიხეილ სააკაშვილისგან წერილი ნამდვილად მიიღო, სადაც სააკაშვილი პირველად აღიარებს, რომ ის ძალიან ცუდადაა და სჭირდება დახმარება.
ირკვევა, რომ პატიმარ სააკაშვილს მხოლოდ გამაყუჩებლებს ასმევენ, რაც მხოლოდ საათობრივად ამსუბუქებს მის მდგომარეობას. მედიკოსი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს სრულფასოვანი გამოკვლევები და მკურნალობა სჭირდება.
ის, რომ მას ეთქვას, რომ თავს ცუდად გრძნობს, ასეთი არ ყოფილა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ის ითხოვს, რომ ყურადღება მიაქციონ. აქვს დაბრუჟებები, ტკივილი. ეს არის ინფორმაცია, ამიტომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ მისი ნახვა რაც შეიძლება მალე"- აცხადებს ოთარ თოიძე.
ცენტრ "ემპათიას" დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის დანიშვნას მოითხოვს. მისი თქმით, სააკაშვილს მხოლოდ გამაყუჩებლებს აძლევენ, რაც მძიმე ვითარებას არ ცვლის.
ეს არ არის მკურნალობა, ეს არის სიმპტიმური მკურნალობა, რომელსაც შედეგი ვერ მოყვება. ჩვენი მონაცემებით, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ის კიდევ უფრო დამძიმდება, თუ შესაბამისი მკურნალობა სასწრაფოდ არ იქნა ჩატარებული.
მოვუწოდებთ პენიტენციურ სამსახურს, დროულად მიიღოს ქმედითი ზომები. არა მგონია, ახლა, ამ დამძიმებული მდგომარეობით სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში ადეკვატური იყოს"-აღნიშნა ჯიშკარიანმა.
რაც შეეხება სააკაშვილის უფლებადამცველებს, ადვოკატები "ტვ პირველთან" ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ადასტურებენ და ითხოვენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.