მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ შეთანხმების დოკუმენტს - თალაკვაძე
მმართველი გუნდი შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობს და ოპოზიციას პასუხიმგებლიანი გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებს. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოსაწერად მზადაა, თუმცა საკუთარ მოთხოვნებს ოპოზიციამაც უნდა გადახედოს. არჩილ თალაკვაძის თქმით, საზოგადოება ბოიკოტის მომხრე არ არის, აქედან გამომდინარე, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.
მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“ პრინციპულად მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ შეთანხმების დოკუმენტს და პოზიტიურად დავასრულოთ ეს დიალოგი. რა თქმა უნდა, ჩვენი მზადყოფნა არსებობს ამასთან დაკავშირებით. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია საკუთარ პასუხებზე დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს და გადააფასებს გარკვეულ ნაწილში, ვინაიდან საზოგადოებრივი აზრის კვლევები უკვე სახეზეა, სადაც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი არ უჭერს მხარს ბოიკოტს, არ უჭერს მხარს მონაწილეობაზე უარის თქმას და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაშიც სახეზეა უკვე ის საჭიროებები, რასაც პოლიტიკურმა სისტემამ უნდა უპასუხოს, - აცხადებს თალაკვაძე.
ევროკავშირის ელჩისა და "ქართული ოცნების" შეხვედრის შემდეგ მმართველი პარტია კომპრომისებზე ალაპარაკდა. დგინდება, რომ გუშინდელ კონსულტაციებზე ხელისუფლებას კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის დახმარებას და ევროკავშირი ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობას გადახედავს.